Poems

*
ჩვენ სიტყვებით ვიბადებით,
სიტყვებითვე ვტოვებთ მიწას.
თუ იპოვი ბოლოს მაშინ,
მანდვე ნახავ დასაწყისსაც.

*
სხეულის სამოსი გაწმენდილიყო,
აღფრთოვანებას მივეცემოდი,
ფრთები ამესხა, გაწმენდილიყო,
მთებს დავყურებდი, ვდნებოდი.
ღვინით ვივსები და ვიწურები
ჩემ თავს მუდამ ვპოულობ შენში,
და თუ სადმე კიდევ შევხვდებით
გულში ჩაგიკრავ, პირდაპირ ჩემში.

*
განუგეშებ ყოველთვის სხივოსნობის ჟამთა მიღმა,
მე შენ სულში შეგეხები, მე შუქის მწამს, შუქთან მინდა.
სამოსელი განვიმოსე ტაძარს ტურფას შევსისხლხორცებ,
რადგან ძგერს და რადგან ხარობს ჩვენს გულებში ცეცხლი წმინდა.

*
დასალიერს ვეზიარე, კანონები შევიმეცნე,
ამდენი ხნის უნახავი ტყე გავიცნე,
ტყე შევიცნე.
არ ვიცოდი სად ვსტუმრობდი
კარი მუდამ იყო ღია,
ასე მშვიდად სიტკბოება
არასოდეს მიმიღია

*
მივდივარ, რათა დავბრუნდე,
დოქი ისევ ივსება ღვინით.
ვეზიარები საიდუმლოებს,
ვიგებ პასუხებს ლხინით.

*
ეს ოკეანე, ჩემში ნაპოვნი,
მე ვარ, განა სხვა არის ვინმე?
მე ვარ სიმშვიდის ტურფა დინება,
ბაგეებიდან განდინებული.
მე ვარ სინათლის თხელი სხივები,
დახურულ კარში რომ ლამობს შესვლას.
მე ვარ სამყაროს ჰარმონიები,
მარად ჟღერადი ბუნების ხმები.
ბედნიერების ჩანჩქერიც მე ვარ,
ძლიერი ტალღა გამოღვიძების.
საამურია წვიმის წვეთები,
მე ვარ უდაბნოს ოაზისებიც.
განა კიდევ რამეა ქვეყნად,
განა კიდევ სადმეა კარი,
ასე ლამაზად, ასე ფარფატით
მიწას ვშორდები,
უბერავს ქარი.

*
შენ რომ გიყურებ,
თითქოს ჩემს თავს ვუყურებ.
ვაჰ რა უცნაურია,
რა სხვანაირი ვარ.
მე შენ ვარ და სულ ჩემში დაგეძებ,
მთელი სამყაროს გავლით გპოულობ კვლავ.

*
მთებს გადაცდები,
სასწაულებს აწვდები,
მიწას უყურებ და
ნათდები.

*
მართლა არ მახსოვს რა დამესიზმრა.
მართლა არ ვიცი მეძინა თუ არა.
მომდის გზავნილი უცხო ქვეყნიდან,
მიწამ სამყაროს შემოუარა.

*
გამარჯვებული ავდივარ მწვერვალზე,
ახალ აღმართზე ვიწყებ სიარულს,
გამარჯვებული ავდივარ მწვერვალზე,
ახალ აღმართზე ვიწყებ სიარულს,

*
ფიალა ივსება ღვინით,
ღვინო ივსება ფიალით,
ტაძარის კარი გავაღე,
შიგნით შევედი ბზრიალით.

*
მთების წინ ვცეკვავ,
ჩემს უკან ქარია.
მდინარეები მოჩქეფენ მარად.
თვალდახუჭული, მინდვრად ქცეული,
მიწას ვეხები მშვიდად და
წყნარად.

*
უხილავი ხმა გადმომცემს ცოდნას,
დადუმებული მე მას მივყვები, 
უხილავი ხმა მასწავლის შექმნას,
არაფრისაგან ჩნდება მზითვები.
ოქროსფერ კედელის წინაშე ვდგავარ,
უხსოვარ ენაზე წერია სიტყვები.
უძველეს ანბანს მალე ვიპოვი,
ამოვხსნი გზავნილს,
რამეს მივხვდები.

*
ღვინით ვივსები, ველებს შევცქერი
უსიყვარულოდ მე აღარ მინდა.
მე ვარ თოვლიან მთების ბატონი
მე ვარ თეთრი მწვერვალი წმინდა.

*
ასე ამგვარად ლამაზად ვქრებით
ცისარტყელებით ივსება ცა
რა ლამაზია თქვენი ყურება
და უმშვიდესი,
უმანკო ზღვა

*

მე ცა ვარ, ზეცაა ჩემში.
ტუჩებზე შევრჩი ამბორით ხელში.
ზეცის სხივები ამოვისუნთქე,
თანავარსკვლავედები დავბადე შენში.

*

სამოსის სურნელი სუნთქვას მანდომებს,
სასმელის სიტკბო მავიწყებს სიტყვებს.
საამურია სმენა გალობის,
გალობის სმენა საამურია.