წრე

ნარინჯისფერი თბილი დაისი, ორი უშველებელი ტყის შორის მიმავალ ბილიკზე ლურჯი და ნაცრისფერი მუხლუხოები მიდიოდნენ. მოშიებოდათ მუხლუხოებს მაგრამ ვერსად ეპოვათ ადგილი სატრაპეზოდ. რაღაცა დროის შემდეგ, გზაზე ძალიან პატარა, უბრალო ქოხს გადაეყარნენ, საიდანაც უთბილესი სინათლის შუქი გამოდიოდა, ხოლო ქოხიდან გამოსული სიბრძნით გაჟღენთილი რუხი ბოლი ხეების ფოთლებს ეფერებოდა და ცისკენ მიილტვოდა. ლურჯმა მუხლუხომ უთხრა ნაცრისფერს მგონი მოვედითო, წამო შევიდეთ ალბათ ექნებათ საჭმელიო. ხოლო ნაცრისფერმა მიუგო, რომ ეს ის ადგილი არაა სადაც მე შიმშილი უნდა მოვიკლოო და გააგრძელა გზა, ხოლო ლურჯი შევიდა ქოხში. იარა, იარა ნაცრისფერმა მუხლუხომ, უსაშველოდ იარა. ვერსად ვერ მიეგნო მისთვის სათანადო ადგილს შიმშილის მოსაკლავად. დედამიწას წრე შემოარტყა და ისევ იმ ბილიკზე აღმოჩნდა, სადაც ეგ და მისი მეგობარი მიდიოდნენ და ისევ იმ ქოხს გადაეყარა, საიდანაც კვლავ უთბილესი სინათლის შუქი მოგიზგიზებდა. შიმშილს უკვე დაემარცხებინა იგი და მას სხვა გზა აღარ დარჩენოდა, თუ არა ქოხში შესვლა. მივიდა ქოხთან და შეაღო უძველესი მუხის კარი, რომლის ჭრაჭუნიც ტყის ზღაპრებსა და საიდუმლოებს უყვებოდა. შევიდა შიგნით და მის წინ უშველებელი მინდორი გაიშალა, სადაც მდინარეები მოჩქეფდნენ და ულამაზესი ლურჯად გამჭვირვალე ცა, სადაც სინათლეები დაფრინავდნენ, დაჰყურებდა მას. ნაცრისფერი მუხლუხო ვერ უჯერებდა დანახულს. იდგა გაშტერებული და დადუმებული. უცბად მისმა სხეულმა გარდასახვა დაიწყო. მუხლუხოს შეეშინდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა. მისი ამდენიხნის აშენებული ტაძარი გარდაისახებოდა და განიცდიდა სამარადისო ფერისცვალებას. ფრთები შეესხა, ფერი ეცვალა. უცბად მასთან ლურჯი პეპელა მოფრინდა და უკვე ნარინჯისფერმა პეპელამ იცნო მისი მეგობარი და დიდი სიხალურით შეეგება. ლურჯმა პეპელამ უთხრა, რომ ეს ის ადგილია სადაც გარდავისახებით, ფრთებს ვიბავთ და მარადიულად ვცხოვრობთ. აქ პეპლები არ კვდებიან, არასდროს. ნარინჯისფერ პეპელას რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ენა არ უძროდა. ლურჯს გაეღიმა, ხელი ჩაკიდა და ერთად გაფრინდნენ მარადისობაში, სადაც არ არსებობს დასასრული, რამეთუ არც არასდროს ყოფილა დასაწყისი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *