ღრუბლებს მიღმა


ცაში, პატარა სოფელი ეულად იყო გამოკიდული. სოფელი ყველა კუთხიდან ღრუბლებით იყო შეფუთნული, ხოლო ღრუბლებს მიღმა რახდებოდა არ ჩანდა და არავინ იცოდა. სოფლის ყველა მაცხოვრებელი ხანში შესული იყო და არავის, არასდროს არ ჰქონდა ფეხი დადგმული სხვა მიწაზე, გარდა თავისი პატარა სოფლისა. ერთხელაც ერთმა მოხუცმა კაცმა სახელად იალკიალ გადაწყვიტა, რომ გაეგო რახდებოდა ღრუბლებს მიღმა. მთელი ცხოვრება ამ მიწაზე დადიოდა, ამ პატარა მიწაზე და უკვე აღარ უნდოდა აქ, სულ ცდილობდა თავის დაღწევას. იალკიალი მივიდა სოფლის კიდესთან სადაც მთავრდებოდა მიწა და იწყებოდა ღრუბლები. ცოტახანი იდგა და შესცქეროდა უსასრულო ღრუბლების დასებს. ინტერესი იმისა, თუ რახდებოდა ღრუბლებს მიღმა ჩქეფთდა და გადმოდიოდა იალკიალიდან და სწორედ ეს იყო ბიძგი, რომ სიკვდილზეც წასულიყო. მან თვალები დახუჭა და ყველასათვის უნახავ, აქამდე ამოუცნობ სივრცეში გადააბიჯა. და მოხდა ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. იალკიალმა დააბიჯა ღრუბელს. იგივ ვერ იჯერებდა ამას და სწორედ ამ დროს მეორი ფეხიც გადააბიჯა. ის უკვე მთლიანად მიწას მომწყდარიყო და ღრუბლებზე იდგა. ბედნიერებას აევსო იგი. გონ გათიშული წინ მიდიოდა, ნაბიჯები მისი უფრო და უფრო სწრაფდებოდა და ბოლოს იგი ღრუბლებში დარბოდა და დახტოდა ღრუბლებზე. რაც უფრო შორს მირბოდა იალკიალი, ასაკი მისი კლებულობდა. და უეცრად იალკიალი მიადგა ახალ მიწას, ახალ სანაპიროს, სადაც მოჩანდა ულამაზესი ფანტანები, ირგვლივ ცეკვავდა ცეცხლი ხოლო ჰაერში ფენიქსები დაფრინავდნენ.
ახალ სანაპიროზე მისული იალკიალი უკვე ბავშვი გამხდარიყო. მოჯადოვებული იყო, იმდენად დაუჯერებელი და ახალი იყო ეს ყველაფერი მისთვის. აღარ უნდოდა სოფელში, სადაც მთელი მისი ცხოვრება გაატარა და საიდანაც სულ ცდილობდა თავის დაღწევას, დაბრუნება. მხოლოდ უნდოდა, რომ მისი თანასოფლელებისთვისაც გაენდო ეს აღმოჩენა და წამოეყვანა ახალ მიწაზე, რომ სამარადისოდ მოშორებოდა ძველს. დაბრუნდა იალკიალი თავის სოფელთან და ასაკმაც მისმა ისევ იმატა. თუმცა, სოფლის მიწაზე აღარ უნდოდა ფეხის დადგმა, იმდენად სასიამოვნო იყო ღრუბლებზე დგომა. უყვიროდა იალკიალი თანასოფლელებს, რომ ახალი მიწა აღმოეჩინა  და რომ შესაძლებელია ღრუბლებზე სიარული. თანასოფლელები ეჭვით უყურებდნენ. ერთმა თქვა “მე მჯერა, რომ ღრუბლებზე სიარული შეუძლებელია და სხვა მიწა, გარდა ჩვენი სოფლისა არ არსებობს”. მეორემ დაამატა, რომ “რანაირად აღმოჩნდა იალკიალი ღრუბლებზე, ალბათ ეს მირაჟია და გვეჩვენება”. ხოლო იალკიალი ყველანაირად ცდილოდა, რომ დაერწმუნებინა ხალხი, რომ ის რეალურია და ახალი მიწა აღმოაჩინა. სოფლის მიწაზეც კი კვლავ ავიდა მათ გამო, კვლავ დაბრუნდა იქ, საიდანაც სულ ლამობდა წამოსვლას. ხოლო ხალხს შეეშინდა და დაფრთხა. ყველა მოერიდა იალკიალს. ერთადერთი, ვისაც არ შეეშინდა მისი და ვინც მთელი თავისი არსით ენდო იალკიალს იყო მოხუცი ქალი სახელად იალტიალი. იალკიალმა გაუწოდა ხელი იალტიალს და ღიმილით მიუგო “ნუ გეშინია, მენდე”. ორივემ ერთად გადააბიჯა ღრუბლებზე და უკან მოუხედავად გაიქცა წინ, ხოლო თანასოფლელები ზიზღით და შურით უყურებდნენ მათ. ღრუბლები სოფლის ირგვლივ გაშავებულიყო და საშინელი ქარიშხალი და წვიმა ამოვარდნოდა. იალკიალი და იალტიალი უკანმოუხედავად მირბოდნენ წინ და თან მათი ასაკი კლებულობდა. საბოლოოდ ისინი ბავშვებად ქცეულები ახალი მიწის სანაპიროსთან მივიდნენ და მათთან მოფრინდა იასამნისფერი, ცეცხლებრ მოელვარე ფენიქსი, შეისვა ზურგზე და წაიყვანა ახალი, აქამდე უცნობი და სულ მალე უკვე ნაცნობი სამყაროს გასაცნობად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *