ქარში შეყვარებული ბიჭი

მთების ძირში, ერთ პატარა სოფელში, სადაც მიწა ვერ ხარობდა, ერთი ბიჭი ცხოვრობდა. იქ იმ ალაგს, სოფლის მაცხოვრებლებს ქარის ეშინოდათ. ქარი მათ სახლებსა და ეზოებში დაუკითხავად იჭრებოდა და მყუდროებას არღვევდა. ერთადერთი ვისაც ქარის მიმართ შიში არ ჰქონდა ეს ბიჭი იყო. ქარის უნდა გეშინოდესო, მაცხოვრებლები მუდამ ეუბნებოდნენ, არავის მოსწონსო ქარი, მაგრამ ბიჭი მათ არ უსმენდა, ასეთ აზრებს, ახლოს არ იკარებდა, რადგან ის შეყვარებული იყო ქარში და როცა კი ქარი ამოვარდებოდა იგი ყოველთვის ეძახდა ბიჭს. ბიჭი მინდორში გადიოდა და ქარს ეთამაშებოდა, ეცეკვებოდა. ელაპარაკებოდა ქარს. თავის საიდუმლოებს უმხელდა. 

ერთ დღესაც აქამდე არნახული ქარი ამოვარდა და მთელი სიძლიერით დაეცა სოფელს. მაცხოვრებლები შიშით სახლებში დაიმალნენ, ხოლო ბიჭს ქარი, მთების თავზე უხმობდა. როცა ბიჭი მთების თავზე ავიდა, ქარმა უფრო იმატა. ასეთი ძლიერი და ბობოქარი ქარი არასოდეს უნახავს არც ბიჭს და არც არავის აქ. ავიდა ბიჭი და მთების მწვერვალზე გაუნძრევლად დადგა. იდგა ასე ხმაგაკმედილი და შიში დაუფლებოდა. ბიჭმა იცოდა მას ორი არჩევანი ჰქონდა, ან ყველა თავისი შიში უნდა გეშვა და ღია გულით, მთელი თავისი არსებით მინდობოდა ქარს და შეეყვარა ქარი და ნება მიეცა თავისთან სადღაც იქ, სადღაც შორს, აქედან ძალიან შორს წაეყვანა ან უკან უნდა დაეხია, მთიდან ისევ ძირს დაშვებულიყო და სამუდამოდ დამშვიდობებოდა მას. 

ბიჭმა თვალები დახუჭა. ღრმად ჩაისუნთქა. მთელ სხეულში უცნაური თრთოლვა იგრძნო, რაღაც სიმსუბუქე იგრძნო, მისთის ჯერ არნახული სიმსუბუქე და მის მომღიმარ ლოყებზე უცებვე გაენამა ცრემლის ცხელი ხაზი. 

მის სახეზე ახლა გამჭვირვალე წყაროები მოედინებოდა. ბიჭი თავს მიენდო, ქარს მიენდო, მიენდო ამ მთასაც და მის მწვერვალს და ამოისუნთქა და სუნთქვა მისი იმავე წამს ქარს შეუერთდა. ფეხები მისი მიწას აცილდნენ, მოწყდნენ მთას და ბიჭი ჰაერზე ატივტივდა. ქართან ერთად წრე შემოხაზა ასე ჰაერზე გაწოლილმა და გაუჩინარება დაიწყო. 

ბიჭისგან გამოდინარე წყაროების ნაკადმა კი იმატა და იმატა და ბიჭმა, ასე თითქმის მთლიანად გაუჩინარებულმა, გაიღიმა. ღიმილი მისი ცასა და მთელ არეს გადასწვდა. ბიჭი სამუდამოდ დამშვიდობებოდა თავის სოფელს და უკვე თავსაც. ქარს წაეყვანა ის და უკვე თვითონვე გამხდარიყო ქარი, ხოლო წყაროები მისი მთელს სოფელს მოედო და მიწამ იხარა.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *