თოვლიან მთების ბატონი

დედამიწაზე ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე ცხოვრობდა თოვლიან მთების ბატონი. ეს იყო პატარა გოგონა სახელად ეა.
მთის კენწეროში მას ჰქონდა ულამაზესი ვარდისფერი გრძელი საქანელა, რომელზეც ყოველთვის უბედნიერესად კატაობდა და ფეხების ქნევით გადაჰყურებდა ადამიანებს. ეას სხეული და სამოსი უმშვიდეს და უწმინდეს სინათლეს გამოჰყოფდა და ღამე ის ვარსკვლავად გადაიქცეოდა. ყოველი ადამიანი ილტვოდა ეასთან ასვლას, რათა მიეღო მისგან ცოდნა, სიბრძნე და საკუთარი თვალით ენახა ულამაზესი თოვლიანი მთების ბატონი და ვარსკვლავთგოგონა. ვინ აღარ ცადა მთაზე ასვლა, მაგრამ არავის გამოსდიოდა ეს. ერთ დღესაც, პატარა ბიჭმა სახელად აიმ გადაწყვიტა ეასთან ასვლა. ბევრი იარა აიმ, უამრავი დაბრკოლება გადალახა, სიკვდილს გადაურჩა, ფერი იცვალა, უკან დაბრუნდა, ისევ მიბრუნდა და ბოლოს ავიდა მწვერვალზე, სადაც ეა ისევ ისე თავის საქანელაზე კატაობდა. აიმი მიუახლოვდა მას, თანდათან ღამდებოდა. ეამ გაკვირვებული და თან ბედნიერი სახით გამოხედა აიმს, გაუღიმა და ხელით მიუთითა მისთან მისულიყო. აიმი ნელი და გაოგნებული ნაბიჯით უახლოვდებოდა ეას. ასეთი სილამაზე აქამდე არ ენახა. თითქოს მაგნიტი იზიდავდა. ცას და ბუნებას მუქი ლურჯი შეემოსა. ეა უფრო და უფრო ნათდებოდა. აიმი მივიდა საქანელასთან, ეა გაჩერდა, მიიჩოჩა და აჩვენა აიმს რო მის გვერდით დამჯდარიყო. აიმი უსიტყვოდ დაემორჩილა მნათობს და გვერძე მიუჯდა. ეამ ფეხები კრა მიწას, ის უკვე მთლიანად გიზგიზებდა და აფრქვევდა სისუფთავით გაჟღენთილ წმინდა სხივებს. აიმი არ უჯერებდა საკუთარ თვალებს, ის დედამიწის კენწეროში საქანელაზე კატაობდა. იგი იყო გადავსებული ბედნიერებით, სიყვარულით, სიმშვიდით, ნერვიულობით… უცბად ეამ მოკიდა აიმს ხელი, სინათლე მასზეც გადავიდა და მანაც იწყო ნათება. ამას მთელი დედამიწა ხედავდა, თუ როგორ აინთო თოვლიან მთაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი. აიმს ცრემლები მოსდიოდა, ხელი უფრო მოუჭირა ეას, მისმა ნათებამ იმატა ხოლო ცრემლები მზითვებივით დედამიწაზე მიმოიფანტნენ. თითქოს ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, საბოლოოდ ეპოვნა. გაღიმებული უყურებდა ეა მანათობელ აიმს და გაუგონარი სიმშვიდით და სიხარულით უთხრა “სად იყავი აქამდე, მოვიწყინე მარტო კატაობით”და თვითონაც უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.



Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *