თეთრწვერა გოლიათი

ერთ დღეს თეთრწვერა გოლიათი და ლურჯწვერა ჯუჯა დაძმობილდნენ და შეთანხმდნენ სამყარო შეექმნათ. პირველ რიგში პლანეტის შექმნა გადაწვიტეს. მოითათბირეს კოსმოსის ისეთ ადგილას შეხვედრა, სადაც არ იყო ბევრი პლანეტა და თავისუფლად შეძლებდნენ მოქმედებას. დათქვეს დრო. ერთადერთი რამ, რასაც თეთრწვერა გოლიათი ვერ იტანდა იყო დაგვიანება. დანიშნულ დროზე ადრე მივიდა და გალაქტიკაში მოხეტიალე მონოლითზე წამოჯდა. იჯდა ასე და ელოდებოდა ლურჯწვერა ჯუჯას მოსვლას. დანიშნული დროც დადგა, მაგრამ ლურჯწვერა ჯუჯა არსად ჩანდა. გოლიათი იჯდა აუღელვებლად, მშვიდად, წყნარად… ირგვლივ ნადგურდებოდა და ახლიდან იქმნებოდა პლანეტები, იბადებოდნენ ახალი თანავარსკვლავედები და ღმერთები, პლანეტარული მტვერი მიმოიფანტებოდა უკიდეგანო სივრცეში. დედამიწაზე უკვე ხორცი შეესხა და კვლავ გარდაეცვალა იმ უდიადეს და ენით აუღწერელ ენერგიას, რასაც სხვადასხვა სახელებს ეძახდნენ დედამიწელები. თეთრწვერა გოლიათი კვლავ იჯდა გალაქტიკაში მოხეტიალე მონოლითზე და ელოდებოდა ლურჯწვერა ჯუჯის მოსვლას. საუკუნეები გასულიყო. და გამოჩნდა ლურჯწვერა ჯუჯაც, გოლიათი კი კვლავ იჯდა თავის მონოლითზე მშვიდად, წყნარად. ჯუჯა მივიდა მასთან უდანაშაულოდ, მდაბიოდ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ხოლო თეთრწვერა გოლიათო უსიტყვოდ წამოდგა და მშვიდად დატოვა მაქაურობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *